logo
ENG



ეკონომისტი: კურსს მთავრობა ვერ დაარეგულირებს, მას მარტო გადასახადების შემცირება შეუძლია

17 მარ 202017:14
3 წუთის საკითხავი
 

ლარის კურსი გაუფასურებას განაგრძობს. კორონავირუსის პირობებში უკვე რამდენიმე დღეა ლარი დოლართან მიმართებით 3 ლარს გადასცდა. დღეს ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ერთი დოლარის ღირებულება 3,18 თეთრი იყო.

ეკონომისტები ლარის გაუფასურებას, ნავთობზე ფასის ვარდნას უკავშირებენ. მათი განცხადებით, გაუფასურდა რუსული რუბლიც, რასაც მსოფლიოში პანიკური რეაქცია მოჰყვა და მასობრივად დაიწყო ხალხმა დოლარის შესყიდვა. ეს პროცესი განვითარდა საქართველოშიც და ამიტომ აიწია დოლარის კურსმა. 

„ნავთობზე ფასები ისევ შემცირდა და რუსული რუბლი კიდევ უფრო გაუფასურდა. ცხადია ეს ყველაფერი ამას უკავშირდება. დაიწყო პანიკური პროცესი და მოლოდინები ჩაერთო ამ პროცესში, შესაბამისად ადამიანებმა დოლარის ყიდვა დაიწყეს. როგორც კი შეჩერდება რუსული რუბლის ვარდნა და ნავთობის ფასიც დაიწყებს ზრდას, სავარაუდოდ ლარის კურსიც გაჩერდება. კურსს მთავრობა ვერ დაარეგულირებს. ერთადერთი მთავრობას რაც შეუძლია არის ის, რომ რადიკალური ნაბიჯები გადადგას, გარისკოს და შეამციროს გადასახადები. კი არ გადაავადოს, არამედ შეამციროს საშემოსავლო გადასახადები, ეს მილიონობით მომხმარებელზე გადაანაწილებს რესურსს და ეკონომიკას გარკვეულ სტიმულს გაუჩენს,რომ ამ ვირუსს ცოტა შეეწინააღმდეგოს. ასევე თუ ვთქვათ იფიქრებს დღგ-ს შემცირებაზე, ეს გაუწევს წინააღმდეგობას ფასებს, რომ არ გაიზარდოს. ეს ერთგვარი იმუნური სისტემის გაძლიერებაა“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებით დაადგინა არის 3,01 თეთრი. როგორი იქნება ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალ, შეიცვლება თუ არა ის, ხვალ გახდება ცნობილი.

 


close დახურვა